ტყუილი არის სააკაშვილის ცხოვრების წესი, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საკუთარი ტყუილების გარშემო გააერთიანოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.
"სააკაშვილი იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ მოწამლეს, იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ აწამებენ, იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ არ მკურნალობენ, იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ შიმშილობდა. ყველა ფეხის ნაბიჯზე, როდესაც რაიმე კომუნიკაციის საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. სამწუხარო ერთი რამ არის, სააკაშვილი რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა, ამაში გასაკვირი არაფერია, სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემო არის გაერთიანებული და ცდილობენ, რომ ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ის, რომ ამ შემთხვევაშიც იტყუებოდა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა მის ცხოვრებაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.