პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს არცერთი კონკრეტული არგუმენტი, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელი და ცუდი.
ქადაგიშვილის თქმით, კანონპროექტი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობაა.
„არის ზოგადი განცხადება, რომელიც გულისხმობს, რომ ცვლილებებს მიაწებონ რუსული კლიშე. ანალოგიური კანონები სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით ათეული წლით ადრეც კი მიღებული აქვს ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანას. დღეს უბრალოდ დამატებითი კანონის მიღება ხდება. ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მასში ერთი წინადადებაც არ წერია რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. არცერთი სიტყვა არ წერია რაიმეს აკრძალვაზე ან სანქციაზე, მით უმეტეს, სისხლის სამართლებრივ დევნაზე. ერთადერთი მიზანია, ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ნათელი. გარწმუნებთ, რომ ეს ევროინტეგრაციის მიმართულებით არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება. პარტნიორები ნახავენ საგნობრივ დისკუსიას, არის თუ არა რაიმე ანტიევროპული. დავუდებთ მათ ქვეყნებში მოქმედ კანონებს და როცა ამას ნახავენ, დარწმუნებული ვარ, ყველა კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი დაგვეთანხმება, რომ ჩვენი ნაბიჯები მხოლოდ კეთილსინდისიერებით არის განპირობებული. რჩება ლეგიტიმური კითხვა – გამჭვირვალობა რატომ არის ასე აგრესიულად აღქმული? აგრესია მიმართულია გამჭვირვალობისკენ. საკუთარ გამჭვირვალობაზე უკიდურესი აგრესია აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.