დაიწყეს ქალაქში ამ წარწერების გაკეთება, რომ მოსახლეობაში შექმნან განწყობა, თითქოს, ისეთი მდგომარეობაა საქართველოს სასამართლოებში, რომ ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ კამპანიას ორგანიზება უწევს უცხოური დაფინანსების მქონე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.
„იმის გამო, რომ ამ ყველაფერს საფუძველი საერთოდ არ გააჩნია და კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ ჩვეულებრივი დაბულინგების და სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს და დაიწყეს ქალაქში ამ წარწერების გაკეთება, რომ მოსახლეობაში რაღაცნაირად შექმნან ის განწყობა, რომ თითქოს, ისეთი მდგომარეობაა საქართველოს სასამართლოებში, რომ ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს. ამას ორგანიზება უწევს, რა თქმა უნდა, გარკვეული უცხოური დაფინანსების მქონე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია. თუ რომელია ეს, საკმაოდ რთული მისაგნებია, მაგრამ ბოლოს გამოჩნდება, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალეა, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.