საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ კი, თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა.
„მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. მივესალმები სომხეთის და საქართველოს მთავრობის წევრებს, წარმომადგენლებს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია, პირველ ყოვლისა, მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ. დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭრას ამ ღირებულებების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭრისთვის.
„ჩვენი ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ქვეყნის მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ასე შემდეგ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.