კამპანია, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოვიარეთ, არის ჩავლილი მდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია კიდევ ერთხელ ეცდება ამ მდინარეში შესვლას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ჩვენ ველოდებით ზუსტად იგივე პროცესებს, არაღიარება, არშემოსვლა და ა.შ. წინა შემთხვევაში ამას ჰქონდა სწორედ კონკრეტული უცხოელების მხრიდან მხარდაჭერა. მათ შორის, სამწუხაროდ, კონკრეტული ელჩები იყვნენ, ვინც ჩართული იყო ამ საბოტაჟის კამპანიაში. არ მინდა, ახლა სახელები და გვარები დავასახელო, მაგრამ კონკრეტული დიპლომატებიც იყვნენ ჩართული ამ საბოტაჟის კამპანიაში, სხვადასხვა ფორმით, კულუარულადაც და საჯაროდაც. ასეთ პროცესებს ვეღარ ექნება წარმატება. მათ შორის, ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ იგივე დიპლომატების დამოკიდებულებაც არის შეცვლილი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება ეს ურთიერთობები. ვხედავთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მიდგომები არის ბევრად უფრო სამართლიანი, ვიდრე, თუნდაც ორი წლის წინ იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე მზად იქნება არჩევნებისთვის, რომ ის გამართულად ჩატარდეს, ამასთან, მმართველ გუნდს აქვს სამართლიანი შეფასების იმედი.

„გვაქვს იმედი, რომ კონკრეტული საერთაშორისო დამკვირვებლები დაეყრდნობიან ობიექტურ მონაცემებს და არა მაგალითად, ჭორებს, რომლებიც წინა შემთხვევაში იყო ასახული „ენჯეოების“ ანგარიშებში. იმედი გვაქვს, დამკვირვებლები არ დაეყრდნობიან მანიპულაციებს, რაც წინა შემთხვევაში განხორციელდა, პარალელური დათვლის გაყალბება და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიება, მათ შორის პრევენცია იყო იმისა, რომ საქართველოში უცხოური ჩარევით რევოლუციის და ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვა ვეღარ მოხდეს.

„ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია. ხაბეიშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, კეზერაშვილია ლიდერი, სააკაშვილი ზის ციხეში და ასეთი ვითარებაა, არეულია ოპოზიცია თავიდან ბოლომდე. სხვა ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებს არ აქვთ ბარიერის გადალახვის რესურსი და ეს არის დღევანდელი ვითარება. ასეთ პირობებში რევოლუციის დაგეგმვაზე ფიქრიც უფრო რთულია. ეს ოპოზიცია, მათ შორის სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ეცდება იმ მდინარეში შესვლას, რომელშიც მეორედ ვერ შეხვალ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.