თავადაც ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები როცა იყვნენ ხელისუფლებაში 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული იყო უშუალოდ ჩვენი ტერიტორიები, ახლო წარსულში, რუსეთის მიერ ისინი ესწრებოდნენ ასეთ ღონისძიებებს და არასდროს, არავის წამოუწევია ეს თემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს უპასუხა ლევან დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, საზოგადოება ხედავს, რეალურად რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები.
„მე მოვიქცეოდი ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ლევან დავითაშვილი. ბუნებრივია, აქაც არის ცარიელი სპეკულაციები. თემას იყენებენ სასპეკულაციოდ, საზოგადოება ხომ ხედავს რეალურად რა არის ამ ყველაფრის მიზანი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები. უბრალოდ, თემები არა აქვთ და ცდილობენ, ხელოვნურად გამოიგონონ რაღაც ასეთი თემები“, – განაცხადა კობახიძემ.