როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ჩვენ მანამდე და უფრო ადრეც ვიქნებით მზად, რათა საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამისთვის დაწყებულია ცხრა პრიორიტეტის შესრულება და ინტენსიურად გაგრძელდება.
„თავიდან ბოლომდე, უფრო ადრეც ვიქნებით ჩვენ მზად, რათა საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები. ყველამ იცის, რომ რეალურად, ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს, როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, რომლებთანაც უკვე გახსნილია მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ დეკემბრისთვის ვიქნებით თავიდან ბოლომდე მზად მოლაპარაკების გასახსნელად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რიგითი მოქალაქეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენ არც ადრე ვატყუებდით მოსახლეობას და არც ახლა ვატყუებთ. რაც შეეხება იმ ტყუილებს, რომლებსაც ავრცელებდა ოპოზიცია, თითქოს კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური სარგებელი, ქვეყანაში შემოვიდოდა უცბად – რაღაც 17 მილიარდ დოლარს ამბობდნენ, ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ჩვენ არც მაშინ ვატყუებდით და არც ახლა ვატყუებთ ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და გარშემო სახელმწიფოების მიმართ. ეს არის რეალური შეფასება, რომელიც სინამდვილესთან თანხვედრაშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.