საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია და ეს პოზიცია უკავშირდება ერთადერთ რამეს, ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპსა და ვუცხადებთ სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, არის ძალიან უხეში მცდელობა, რომ ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში და კომისიის შექმნის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება.
„ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ჩვენ გვჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, არსებული კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. ჩვენ კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას გვედავებიან ის პოლიტიკური სუბიექტები და მათი მხარდამჭერი ექსპერტები, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში. მათ სწორად შეახსენეს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ისინი დღემდე სარგებლობენ პარლამენტის წევრის მანდატებით.
რაც შეეხება კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებას, ეს არის ჩვენი პრინციპი, ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. არსებული კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, „ნაცმოძრაობას“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შევაქმნევინოთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ამას აუცილებლად ასე გავაკეთებთ. ამასთან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პარლამენტის შეუფერხებელი საქმიანობა. ქვეყნისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ განვაგრძნობთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში მოქმედებას და უზრუნველვყოფთ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლოზე კომისიას ვერ შექმნის და ასევე უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას. ამის პირობას ვდებთ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.