„ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. კეზერაშვილი ზოგადად არის ცნობილი წარუმატებელი ინვესტიციებით,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილის მთავარი ინვესტიციის სიმბოლო არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რაც კარგია, რადგან თავისივე ნაძარცვი ფული ბრუნდება საქართველოში.
„მისი ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის „ფორმულა“, 1 პროცენტიანი რეიტინგის მქონე ტელევიზია, რაშიც ყოველწლიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს. ეს არის კეზერაშვილის სიმბოლო და ძალიან კარგიც არის ეს იმიტომ, რომ ვერც შედეგს აღწევს ამ ყველაფრით და თავისივე მოპარული ფული, ჯარისგან და ბიზნესისგან ნაძარცვი ფული საბოლოო ჯამში ბრუნდება საქართველოში,“- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილს მფარველობს გავლენიანი სუბიექტი, ვისგანაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით.
„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ არის რომ კეზერაშვილი, რომელიც არის ძებნაში, ის თავისუფლად სარგებლობს მიმოსვლის საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ყველამ იცის, რომ მას გაძარცვული ჰყავს ბიზნესმენები, ჯარი საქართველოში და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით?! რა თქმა უნდა გავლენიანი სუბიექტისგან და ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტია.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.