ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა ოპოზიციამ საკუთარი თავი აჩვენა. გულშემატკივრობდნენ კაცს, რომელიც ამაყობდა იმით, რომ უკრაინელების სასაკლაო მოაწყო ბახმუტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენების დროს რომ ოპოზიცია ყოფილიყო ხელისუფლებაში, ქვეყანას უბედურებას დააწევდნენ.
„ოპოზიციამ საკუთარი თავი აჩვენა. გახსოვთ, პირადად მე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დილიდან გამოვედი და მოვუწოდე მათ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ამაზეც სპეკულირებენ, ვითომ ჩვენგან არავინ გამოსულა. ყველაზე მარტივი იყო სიმშვიდის შენარჩუნება. ბუნებრივია, ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა ვერ მოითმინეს და საკუთარი თავი აჩვენეს, პირდაპირ გულშემატკივრობდნენ კაცს, რომელიც ამაყობდა იმით, რომ უკრაინელების სასაკლაო მოაწყო ბახმუტში.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ანალიზის საშუალება ხომ უნდა გქონდეს, მიხვდე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სცენარი. ერთი, რომ ეს ვერ გაანალიზეს. მეორე – გამოავლინეს ათასი სისულელე. პრიგოჟინის ამბოხის ფონზე რომ დაწერ, სოჭი საქართველოა, არ ვიცი, ან დებილი უნდა იყო ან მოღალატე. საოცრებაა, რასაც ჩვენ იმ დღეს ვკითხულობდით, ლექსებს უძღვნიდნენ პრიგოჟინს, გოუ, გოუ, ჟენია და ასე შემდეგ. ეს სამარცხვინო იყო, ამჩატდნენ. უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი. კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ კიდევ კარგი, ეს ადამიანები არ იყვნენ იმ დღეს ხელისუფლებაში, ქვეყანას დააწევდნენ უბედურებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები არც იმ დღეს და არც დღეს არ არიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.