კეზერას და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“. კეზერა და ჭყიპინა როცა ხვდებიან ერთმანეთს კვიპროსში და ეს „ნაცმოძრაობის“ გარშემო განსაკუთრებული, სპეციალური თემა ხდება, მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტია სრულად დეგრადირებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი გარკვეული ძალების მხრიდან კოორდინირებულია და გეგმის ნაწილია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი. მეორე მხრივ, საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ დაშლის პროცესი არის კოორდინირებული გარკვეული ძალების მხრიდან. გეგმაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს კიდევ ერთმა „ნაცურმა“ პოლიტიკურმა ძალამ, ოღონდ არ უნდა ერქვას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება ალტერნატიული პარტია. აქ მოიაზრებიან კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის ეს არის „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ამას ემატება მელია. გეგმა იკვრება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს სუბიექტებმა, ამაზე მუშაობენ ვიღაცები. იმედი აქვთ, ეს ადამიანები 6-7% ს აიღებენ და ოპოზიციიდან პარლამენტში შევა არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, არამედ დემატება მეორე პოლიტიკური პარტია, თუმცა თავადაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ მოვლენებს. მეეჭვება, რომ ამ სუბიექტმა, „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტმა ბარიერის გადალახვა შეძლოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესებს წარმართავს კეზერაშვილი.
„რეალურად, კეზერაშვილი ხარჯავს მთლიანად ფულს „ნაციონალურ მოძრაობაში“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის წარმართავს პროცესებს. მთავარი ის არის, კეზერაშვილს ვინ მართავს. ეს ცალკე საკითხია. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი ერთი მხრივ, კრიზისის გამოხატულებაა, მაგრამ ამავე დროს, „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი არის კოორდინირებული. კეზერაშვილმა რომ თავის დროზე ხაბეიშვილი დანიშნა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ, ესეც მიუთითებს იმ კოორდინაციაზე, რომელიც ამ პროცესის გარშემო შეინიშნება. ვიღაცების ინტერესებშია, რომ დაბლა დაიწიოს „ნაცმოძრაობის“ პროცენტმა, რათა მესამე პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. რაღაცნაირად უნდა დააბალანსონ პროცენტები ერთმანეთში. ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ 20 % -ს თუ აიღებს, ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ მეორე ფლანგს – მელია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ხაზარაძე, გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. მათაც რომ გადალახონ ბარიერი, „ნაცმოძრაობამ“ ცოტა ნაკლები უნდა მიიღოს. ეს არის მარტივი გეგმა, თუმცა საზოგადოება ამ გეგმას გაშიფრავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.