„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. მით უმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 13 დეკემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში უნდა გაიმართოს.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების წევრები ღონისძიებაზე არ მივლენ.
„ამ დღეებში ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ. ეს არ არის ჩვენი საქმე მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერავინ ათქმევინა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, ხომ გასაგებია ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა კობახიძემ.
13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს.
ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები.