რეალურად ოპოზიციური პარტიები უყურებენ რეიტინგებს და ეს რეიტინგები მათ არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბარიერი იქნება დაწეული, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ერთობლიობაში მოახერხებენ დაახლოებით იმდენი პროცენტის მიღებას, რამდენსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაპირება ბარიერის დაწევის შესახებ 2022 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას უკავშირდებოდა.
მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად არის მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, სინამდვილეში კი ოპოზიციური მანდატების უმეტესობა „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს, საარჩევნო ბარიერი კი ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს.
„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ გადახედოთ, არის მხოლოდ და მხოლოდ 4 ქვეყანა, სადაც 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს. ეს არის ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, იტალია. სხვა სახელმწიფოებში მოქმედებს 5%-იანი ან უფრო იშვიათად 4%-იანი ბარიერი. იმიტომ რომ პროგრესული სისტემის პირობებში, რაღაცამ უნდა დააბალანსოს ის პრობლემა რასაც ჰქვია შესაძლო არასტაბილურობა პოლიტიკურ სისტემაში და მთავარი სტაბილიზატორი პროპორციულ სისტემებში არის სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ჩვენც გვჭირდება ეს სტაბილიზატორი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა დემოკრატიულ პროცესებში და სწორედ ამას ემსახურება ის 5%-იანი ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.