არიან გარკვეული ძალები, გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო კონკრეტული რისკების წინაშე და დღემდე არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას: „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, შეინარჩუნოს საქართველოში მშვიდობა.
„ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ეს გამოწვევები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული ამისთვის მაქსიმალურად, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს მშვიდობის შენარჩუნების გზაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.