არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა, როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

" ნეტავ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღზეც არ არის საუბარი, მინიმალური მოთხოვნა რომ დავაყენოთ, ნეტავ არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა. ამაზე მეტი მოთხოვნაც არ გვაქვს. ნუ იქნება ბოლომდე ჯანსაღი, ნუ იქნება ბოლომდე კომპეტენტური, ოღონდ არსებობდეს ამ ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც უბრალოდ, არ იქნება უცხოური აგენტურა. მეტი მოთხოვნა ხომ არ გვაქვს, ეს არის ერთგვარი მინიმალური მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერმა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა დავაყენოთ. არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მცირე პოლიტიკურ პარტიებს, არის ერთი-ორი პატარა პარტია, რომელიც შეიძლება გარედან არ იმართება, მაგრამ რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ პარტიას, თქვენ იცით, როგორ გადანაწილდა არჩევნებზე შედეგები,   54% ავიღეთ ჩვენ, 38% იმ ოთხმა პარტიამ და 8% დანარჩენმა. იმ 8%-ში შეიძლება ზოგი ასეთი სუბიექტი შეიძლება იყოს, ზოგი ისეთი, მაგრამ რაც შეეხება 38%-ს, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის უცხოური აგენტურა. რომელიც ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხო ძალას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკის ახალი ხელისუფლება უწოდებს „დიფ-სთეითს“ და .შ. ამიტომ არათუ პრობლემაა მათი არშესვლა საკრებულოებში ან დიდი დოზით არშესვლა, პირიქით, ეს არის ერთგვარი შანსი იმისა, ეს აგენტურული ოპოზიცია ჩანაცვლდეს პერსპექტივაში ისეთი ოპოზიციით, რომელიც მინიმუმ, საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგება.

კომპეტენციას და სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ - მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იდეალური ხელისუფლება, დემოკრატიის კანონია, რომ არ შეიძლება, რომელიმე ხელისუფლება იღებდეს 65,-70%-ს. ბუნებრივად არსებობს ოპოზიციური ნიშა. ასეთია დემოკრატიის ბუნება. როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელსაც ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე.

მართალია, ეს შეიძლება ვერ ესწრება თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაგრამ რისი პირობაც შეგვიძლია მივცეთ საზოგადოებას, არის ის რომ არჩევნებამდე ჩვენ აუცილებლად სარჩელს გავამზადებთ და შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება პროცედურებს, წესით, არ უნდა დასჭირდეს დიდი დრო. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებადია ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.