ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, მე ვარ მომხრე, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომში ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს რთული სიტუაციაა, ვითარებაა, ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევა აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, როგორი ვითარებაა რეგიონში, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არც გაჩერდება დიდი ხანი, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს.
რაც შეეხება ამ კანონს, ეს ჩემი პირადი აზრია, ეს არ არის პარტიის აზრი, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები, ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის, აგენტი არის აგენტი, აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს არის ღალატი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა, მეგობარი სახელმწიფოებს ინტერესების გამტარებელი ვიყოო, ეს ხომ კატასტროფაა. ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარებაზე, ინტერესი არსებობს ერთი, ეს არის ქართული ინტერესი, საქართველოს ინტერესი, ჩემი რჩევა იქნება, იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.