პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადიდსის შეწყალებით, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციელებს
"ძალიან ვცდილობ, მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. აი, რა უნდა ვუწოდოთ ახლა ასეთ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი ერთ-ერთი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ ამ პიროვნებამ და როგორ სასწაულებრივად გადარჩა ჩვენი გმირი პოლიციელი.
ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე „მოლოტოვის კოქტეილიო“ და ამის შემდეგ ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის, რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, საკუთარ ამომრჩეველზე აღარ მაქვს საუბარი. ის, რომ ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, პარტიას და ხალხს და ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას. მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას.
ბოლო რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი ე.წ. პრეზიდენტობის, როგორ უნდა შეძლოს მან ამ საქმიანობის განხორციელება, ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში, ეს არის დანაშაული პოლიციის წინააღმდეგ. იგი არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი “ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით. აი, ეს არის ჩემი შეფასება. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი. რამდენიმე თვეში იგი აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერება, როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ შემწყალებელი, მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა. სამარცხვინოა და დანაშაულია ეს ყველაფერი", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ლაზარეს გრიგორიადისის შეწყალებაზე განაცხადა: ხელი ჯერ არ მაქვს მოწერილი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე დილის 10 საათზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალა.
შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.