პოეტი ბესიკ ხარანაული საქართველოს პრეზიდენტის  მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"ღმერთმა გიშველოთ!რა ივლიდა ცხრა ზამთარი და ცხრა გაზაფხული,ახალგაზრდა კაცის ცოდვით გაღუნული." - წერს ბესიკ ხარანაული, 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალა. 

შეგახსენებთ, შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.