„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, ვასილ ჩიგოგიძე, რიმა ბერაძე, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე. შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე.
აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილია, მმართველმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რისთვისაც უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება.
საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა, რომ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა გურიაში, შევხვდი პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა რეგიონში ჩავდივართ, რათა მოვამზადოთ პარტია არჩევნებისთვის. ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენი საამაყო გურულები მოტივირებულები არიან, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად, მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს" - ირაკლი ღარიბაშვილი.
„გურია იშვიათი გამონაკლისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრგან არ მინახავს ასეთი ანთებული, მოტივირებული ხალხი, საზოგადოება. სხვაგანაც ძალიან მაღალია მოტივაცია, მაგრამ გურიაში განსაკუთრებულია. გურულებს განსაკუთრებით აინტერესებთ პოლიტიკა, განსაკუთრებით განსწავლულები არიან ამ საკითხში. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, ძალიან სასიამოვნოა გურულებთან შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენადაც ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ბევრ თემაში და ძალიან სწორად იგებენ თითოეულ ნიუანსს. თითოეულ გურულს შეუძლია შემოვიდეს სიღრმეებში პოლიტიკურ ნიუანსებთან დაკავშირებით ისე, რომ ერთ შეცდომას არ დაუშვებს. საოცარი ხალხია ამ მიმართულებით, ჩემი დიდი პატივისცემა მათ, ძალიან კარგი შეხვედრა იყო“ - მამუკა მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. მომდევნო შეხვედრა 31 მარტს, იმერეთში გაიმართება.