ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, ჩემს მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს, თუ მას განსხვავებული ხედვა აქვს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ნორმალურია და არანორმალური იქნებოდა, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი ჰქონდეთ.
„პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს, კონსტიტუციით, კანონით. მე წინაზეც გავიმეორე და ახლაც ვიტყვი, ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობა, აქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება. ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, ჩემს მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდევაც, რესპუბლიკურის თემაზეც გამოჩნდა, რომ განსხვავებული ხედვა აქვს. ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები. მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერი არის ირაკლი კობახიძე. მას რომ სხვა აზრი ჰქონდეს, ნორმალურია. არანორმალური იქნებოდა, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.