საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის უწყებაში მისი საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მათ ჩართულობაზე გაამახვილა
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან კარგი, დინამიური თანამშრომლობა გვაქვს, რაც მომავალშიც გაგრძელდება:
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ უკვე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ელჩებთან, უკვე დაგეგმილია რამდენიმე სხვა შეხვედრა. ეს არა მხოლოდ გაცნობითი შეხვედრებია, არამედ, ჩვენ უკვე საქმეზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომავალ კვირას ის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩემთვის, როგორც ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრისთვის, მეორე მხრივ, ეს არის მკაფიო განაცხადი, თუ როგორ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს“.