ირაკლი ღარიბაშვილს აქვს გაბედული, გულწრფელი, გულღია პოზიცია ყველა პროცესთან მიმართებაში და მას შეუძლია საკითხებზე ღიად ისაუბროს და პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოატყუოს საკუთარი მოქალაქეები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული შეფასებები ზედმეტად თამამად მიიჩნიონ, თუმცა შემდგომ მის მსგავს პოზიციებს სხვებიც აფიქსირებენ. კერძოდ, მან დაასახელა ნატოს ხელმძღვანელობა და ამ თვალსაზრისით, ჩიქოვანმა ნატოს ვილნიუსის სამიტის მიერ მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა.
„როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ომის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით - ძალიან გულწრფელი და გულღია პოზიციაა, რომელიც აფასებს რეალურ საფრთხეებსა და იმ სცენარებს, რაც შესაძლებელია, რომ განვითარდეს რეგიონში. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე. მათ უნდა ვუთხრათ, რა საფრთხეები გვაქვს, რადგან ეს არ არის მოგონილი და ამორფული. ეს არის რეალური საფრთხე, რადგან ჩვენ სამჯერ გვქონდა დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან და საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ის სიმძიმე, რაც ომს მოჰყვება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.