საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პირად შემადგენლობას პროფესიულ დღეს ულოცავს.
ბერაიას თქმით, 2015 წლის პირველ აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსება იყო სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მასშტაბური რეფორმის შედეგი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა და რასაც საფუძვლად დაედო ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები და პრიორიტეტები, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტები.
„ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გადადგმულმა ამ უმნიშვნელოვანესმა ნაბიჯმა, მოახდინა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გადააზრება და ტრანსფორმაცია, მისი ეფექტიანობის მნიშვნელოვნად ამაღლება.
სიამაყით უნდა ითქვას, რომ სუს-ის სახით, საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული, მაღალეფექტიანი დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების წარმატებით შესრულება, სხვადასხვა გამოწვევების განეიტრალება, ასევე, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესების დაცვა. ის რაც უსაფრთხოების სამსახურს გამოარჩევს, არის პროდუქტიულობა, პირადი შემადგენლობის პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, საფრთხეების ცვალებად ეკოსისტემასთან წინმსწრები და სწრაფი ადაპტაცია, უწყვეტი განვითარება, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი და ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობა. სამსახურის საქმიანობა მუდმივად უმაღლეს დონეზე ფასდება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
ხაზგასმას იმსახურებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და სუს-ს შორის მჭიდრო, პრაქტიკულად ყოველდღიური და ამავდროულად, უპრეცედენტო მასშტაბის თანამშრომლობა. კანონმდებლები ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ სამსახურს გააჩნდეს ნაყოფიერი საქმიანობისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა, შეაბამისი დაფინანსება და სათანადო მხარდაჭერა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ სამსახურის თითოეულ თანამშრომელს – ოფიცრებს, სამოქალაქო პირებს, ღია და ფარულ შემადგენლობას – ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების დაცვის წინა ხაზზე მყოფ ღირსეულ პროფესიონალებს. განსაკუთრებულ პატივისცემას და მხარდაჭერას ვუდასტურებ თითოეულ მათგანს და მადლობას ვუხდი სამსახურისთვის. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ივანე გოლაშვილის და ყველა გმირის ხსოვნის წინაშე.
მადლობას ვუხდი სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, სამსახურის ეფექტიანად ხელმძღვანელობისთვის, უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლიანი ლიდერობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ამ უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო პოზიციაზე. მადლიერებას გამოვხატავ ვახტანგ გომელაურის მიმართ, რომელმაც ჩამოაყალიბა უსაფრთხოების სამსახური, აქცია იგი სანდო პარტნიორად, ეფექტიანად ხელმძღვანელობდა მას და უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლების განმტკიცებაში“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.