მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ანკარაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
მინისტრის თქმით, თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და მთავრობის მეთაურის ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ძლიერ იმპულსს შესძენს.
„თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, როგორც ხელისუფლებებს, მთავრობებს შორის, ასევე ჩვენი ხალხთაშორისი ურთიერთობები განსაკუთრებულობით გამოირჩევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ანკარაში. მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ძალიან ძლიერ და მყარ იმპულსს,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.