საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა.
მინისტრმა ფილიპო გრანდის მიულოცა ‘ლტოლვილთა მეორე გლობალური ფორუმის’ წარმატებით ჩატარება 2023 წლის ბოლოს და მიესალმა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობას საქართველოში.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების საკითხს.
მინისტრმა აღნიშნა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის საქმიანობის მნიშვნელობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებთან მიმართებით.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრის დღის წესრიგში საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა შესახებ საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და პროგრამების თაობაზე.
ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ქ. ჟენევაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.