საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 26 თებერვალს დაესწრება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრი ისაუბრებს საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე და ქართული მხარის ძალისხმევასა და გადადგმულ ნაბიჯებზე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და კოლეგა მინისტრებთან“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.