2024 წლის 26 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
საკუთარ გამოსვლაში ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე.
მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. აღნიშნა, 2022-2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მათ როლზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
“ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პოზიცია არის გადამწყვეტი, იმისათვის რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციას კვლავაც ექნება დიდი მხარდაჭერა.
სიტყვით გამოსვლისას, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მანდატის სრულად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საქართველო, როგორც საბჭოს წევრი, მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორ წევრი ქვეყნის მზადყოფნა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო ფორმატებში.