2024 წლის 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგლი ჰასანთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე თანამშრომლობის გაღრმავების და
ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ილია დარჩიაშვილმა ალბანელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.