მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს თუ აქვს რესურსი, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკოს საქართველოში ნებისმიერს, ბოროტმოქმედება იქნება, ეს გააკეთებინო ციხიდან გამოსაშვებად, ამხელა რესურსი თუ გაქვს, სხვა რამ უნდა სთხოვო. პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას ვთხოვდი, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით, სადაც მაკფოლი აღნიშნავს: „ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმაც უნდა მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება“.
„სააკაშვილს თუ აქვს რესურსი, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაურეკოს საქართველოში ნებისმიერ ვინმეს, ბოროტმოქმედება იქნება, ეს გააკეთებინო იმისთვის, რომ ციხიდან გამოგიშვან. ამხელა რესურსი თუ გაქვს, სხვა რამ უნდა სთხოვო ჯო ბაიდენს „ქართული ოცნებისთვის“ გადმოსაცემად. თუ ამას გააკეთებ, ხალხი ციხიდან თავისით გამოგიშვებს. ეს რესურსი რომ მქონდეს, მე ასე მოვიქცეოდი. ამ წუთს იმდენი რამე შეიძლება იყოს სათხოვარი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას ვთხოვდი.
როდესაც მიზანი სხვა რამეა, შედეგიც სხვა რამე გამოდის, ის არა, რა მოლოდინიც შეიძლება არსებობდეს. მე მგონია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა გადის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე, არათუ მათ შეერთებაზე. რაც უფრო მეტად დაიყოფიან, მით მეტი შანსი არსებობს სააკაშვილის გათავისუფლების“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.