„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა არიან ბრძოლებში ნიკა მელიას და მისი მომხრეების თუ გულშემატკივრების წინააღმდეგ, თუ არ იშლებიან, შერიგდნენ. ბოლოს და ბოლოს არჩევნებამდე ან დაშლილი, ან შერიგებული ხომ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს დაშლა თუ „რექონსილიეიშენი“.
„ამ კითხვაზე დიდი ხანი გაურკვეველი პასუხი საერთო საქმე აფუჭებს. ვერ გეტყვით ეს პროცესები საით წავა. ამდენი ხნის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ წასვლასაც ველოდებოდი და დაშლასაც. არც იშლებიან, არც მიდიან და არის ეს ჭაობი, რომელსაც არაფერი არ ეშველება. იმედი მაქვს, მალე აღმოიფხვრება ან მთლიან „ნაცმოძრაობას“ ქართველი ხალხი რამენაირად აღმოფხვრის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა არიან ბრძოლებში ნიკა მელიას და მისი მომხრეების თუ გულშემატკივრების წინააღმდეგ. თუ არ იშლებიან, შერიგდნენ. ბოლოს და ბოლოს არჩევნებამდე ან დაშლილი ან შერიგებული ხომ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ „მიხეილ სააკაშვილს დაშლილი „ნაცმოძრაობა“ უნდოდეს“.
„ჩვენ მოვუწოდებდით მიხეილ სააკაშვილს, თავად დაეშალა „ნაცმოძრაობა“, თუ ციხიდან გამოსვლა უნდოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ეს არ გააკეთა. ბევრი რაღაც ილაპარაკეს ერთმანეთში ნიკა მელიამ და მისმა მოწინააღმდეგეებმა. ამდენი რაღაც რომ გაქვს ერთმანეთისთვის ნაკადრები, მერე უცბად როგორ უნდა შერიგდე და გააგრძელო ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა? ასეთ უცნაურ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე. ველოდები, „ნაცმოძრაობა“ როდის მოღონიერდება ისე, რომ ან დაიშალოს მარტივ მამრავლებად, ან ისე მოღონიერდეს, რომ ყოფილი „ნაცებიც“ შეიერთოს.
გაურკვეველ მდგომარეობაშია, მელია მიდის და ვერ მიდის, იქ ვეღარც ცალკე მიდის და ვერც პარტიიდან მიდის. „ნაცმოძრაობას“ ვინ მართავს, ვერ გაიგებ, კოლეგიური ხელმძღვანელობა ჰყავს „ნაცმოძრაობას“ თუ ერთი კაცი ხელმძღვანელობს, ასე „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებთან არჩევნებზე გასვლა უხერხულია. მე ამაზე ძალიან არ ვინერვიულებ, ბოლოს და ბოლოს, შემიძლია, ვუთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, რომ დაულაგებელი პარტია თუ არ გინდათ, აგერ ვართ ჩვენ დალაგებული პარტია და ჩვენ მოგვეცით ხმა. არჩევნებამდე ასე მისვლა უხერხულია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ აირჩია ბრძოლა დუმილით და მისი მდუმარება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის მიმართული.
„საქართველოში პოლიტიკოსები ერთმანეთს დუმილით ებრძვიან. ასევე დუმს გახარია, დუმს ბიძინა ივანიშვილი, ახლა დუმილი დაიწყო ნიკა მელიამ. ჩვენ მივდივართ პოლიტიკოსების ისეთ გასხივოსნებამდე, როდესაც ისინი, უბრალოდ, დუმან და ხალხმა იცის ისედაც, ამ დუმილში რა იგულისხმება. მიხვდნენ, რომ სალაპარაკო არაფერი აქვთ. მაგალითად, ხაზარაძე როცა დუმს, დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ რეიტინგი იმატებს, მაგრამ როგორც კი იწყებს ლაპარაკს, რეიტინგი ნახევრდება. დუმილი, ეს ნოუ ჰაუ პირველად ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა და ლაპარაკი უცბად შეწყვიტა. როგორც ჩანს, ეს წარმატებული აღმოჩნდა და დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიბაძეს. რამდენი წელია, გახარია მას ჰბაძავს, ახლა მელიამ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობიდან“ ყოველდღიურად არის გავეშებული შეტევები, ის ჯიუტად დუმს და ამით „ნაცმოძრაობას“ ძირავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.