მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან რუსეთ-უკრაინის ომის ერთ წლისთავზე ისაუბრა. 

დეპუტატის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში საქართველომ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ და ომი დღემდე მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უკრაინულ სახელმწიფოს პოლიტიკურად თუ ჰუმანიტარულად მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, რაც გამოიხატა იმაში, რომ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის საწინააღმდეგოდ ხელი 400-ზე მეტ საერთაშორისო იურიდიულ დოკუმენტს მოვაწერეთ. ასევე, უკრაინის მოქალაქეებისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით პირველ ადგილს ვიკავებთ.  
უკრაინას ვუსურვებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სიმშვიდეს. გვინდა, რომ მშვიდობა სუფევდეს რეგიონსა და მსოფლიოში - ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის შეფასებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი მცდელობისა, რომ უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა აჩვენონ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უსამართლო რიტორიკა ისმის. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა  კიევში ვიზიტზე უარი განაცხადეს.

„რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების უარს კიევში წასვლასთან დაკავშირებით, არაერთხელ ითქვა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო და ხელისუფლება უკრაინას მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ, უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით უსამართლო განცხადებები ისმის.


დარწმუნებული ვარ, ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება, მათ შორის, ღმერთმა ქნას, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამოსწორდეს, თუმცა, ამ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ მეგობრობა არის ორმხრივი. არ შეიძლება, ჩვენ ცალმხრივად, მაქსიმალურად ვუჭერდეთ მხარს უკრაინას და ძალისხმევას არც ერთ პოზიციაზე არ ვიშურებდეთ (რასაც ჩვენი და უკრაინის საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს) და მათი მხრიდან პასუხი უსამართლო, დამადანაშაულებელი და მიუღებელი იყოს. ამის უთქმელობა არ შეიძლება, მაგრამ ამის თქმის შემდეგაც მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ. მთავარი ის არის, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი იმეგობრებენ, მაგრამ დადგება დრო, როდესაც  უკრაინის ხელისუფლებაში მყოფ პირებს მოუწევთ პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რასაც საქართველოსთან მიმართებით დაუმსახურებლად სვამენ.
ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო, ვიყავით და ვიქნებით უკრაინის მხარდამჭერები საქმით; რადიკალური ოპოზიცია კი უკრაინის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. ეს აქციებიც აჩვენებს იმას, რომ ქართული საზოგადოება სწორ პოზიციაზე დგას, რაც  უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირველ მხარეს წამოწევას ნიშნავს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.