„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მისი მისამართით ოპონენტი კოლეგის სალომე სამადაშვილის განცხადებას კომენტარის ღირსად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მხოლოდ იუმორით შეუძლია ამაზე საუბარი. „სალომე სამადაშვილს როდესაც აქვს კითხვები, არ შეიძლება იუმორით არ გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ სალომე სამადაშვილის განცხადებაზე სერიოზული კომენტარი ალბათ არ უნდა გააკეთო - რა წაიკითხა და რა ისწავლა ჩვენ ვნახეთ, როდესაც მისმა კოლეგებმა ამხილეს სამშობლოს ღალატში.
მას ეს იარლიყი აქვს რადიკალურ ოპოზიციაში და ამიტომ, ღმერთმა არ წამაკითხოს, ის, რასაც კითხულობს ქალბატონი სამადაშვილი, იმიტომ, რომ ასეთი განათლება - იმოქმედო სამშობლოს წინააღმდეგ, არის დამღუპველი. ყველა იქნება მხილებული და ყველა მიხვდება, რომ საქართველოში არის ეროვნული, ქართული ხელისუფლება და ის ყველას დაუდასტურებს, რომ ქვეყანას შეუძლია მეორე ფრონტში ჩარევის გარეშეც მიიღოს კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მანვე ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალები არც აქამდე მონაწილეობდნენ და პროცესებში და მომავალშიც შეუძლიათ მას თავი აარიდონ. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია მხილებულია იმაში, რომ ისინი იბრძოდნენ ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი. ასევე საჯაროდაა ცნობილი, რომ მიდიოდა და დღემდე მიდის აქტიური კამპანია, რომ დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთან მიმართებით. კარგად იცით ისიც, რომ არც ერთ ჯგუფში, არათუ არ მონაწილეობდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ პირიქით, ხელს უშლიდა ამ ჯგუფებს მუშაობის პროცესში. არადა, სწორედ მათმა მუშაობამ გამოიღო შედეგი - ევროკომისიამ პოზიტიური გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირობები, რაც უნდა შესრულდეს, ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს მხრიდან შესრულდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების კარგი გამოცდილების საფუძველზე.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რა ეწერება მასში ცნობილი გახდება საჯაროდ უახლოეს მომავალში და რასაც ჩვენ შევასრულებთ, მაგრამ ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი თუ არ ჩაერთვებიან, შესაძლოა, ეს კარგიც იყოს. ჯერ ერთი, რომ ამბობენ არ უნდათ და არ მიაჩნიათ სწორად ამ ჯგუფებში მუშაობა. და თუ ასეა, მაშინ რას კითხულობენ რა წერია სამოქმედო გეგმაში? ეს გეგმა საჯაროდ განიხილება და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო ყველა პირობას აუცილებლად შეასრულებს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.