გახარია დღემდე „ნაცმოძრაობასთან“ პოლიტიკურ ქორწინებაში იმყოფება, შეიძლება, ხაზარაძემ დაიწუნოს, ჯერ იქ განქორწინდი და ჩემთან შემდეგ დაქორწინდიო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ამ პროცესში მაჭანკლის როლი მიანიჭეს.

"თვეების წინ ვამბობდით, რომ წინასაარჩევნოდ უცხოური ძალა შეეცდებოდა, მათ შორის, ორი დაპირისპირებული პოლიტიკოსის დაქორწინებას და მაჭანკლობას მიანიჭებდა სალომე ზურაბიშვილს. ასეც მოხდა. ზურაბიშვილმა, კონსტიტუციის დარღვევით და უცხოელების ბრძანებით, ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულ პიროვნებას უთხრა, რომ ახლა პოლიტიკურად უნდა დაქორწინდეთო. პრეზიდენტს არავინ ეკითხება, რას გააკეთებენ პოლიტიკური პარტიები. ახლა პოლიტიკური ჭინთვები აქვს ხაზარაძეს, მაგრამ ჭინთვების პროცესი გავა. სავარაუდოდ, არამსურველ ორ წყვილს დააქორწინებენ, რადგან მათი მშობლები უცხოეთში თანახმანი არიან, ესენი დაქორწინდნენ.

ორივე ფეხებს აბაკუნებდა და ამბობდა, ცალ-ცალკე გადავლახავთ 5%-იან საარჩევნო ბარიერსო. მაინც მოუწიათ პოლიტიკური ქორწინება, რომელიც, შესაძლოა, დიდად სარგებლიანი ვერ იყოს. გახარიას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, „ლელოს“ – თავისი და სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება არსებობს. მათ შორის ის, რომ გახარია დღემდე იმყოფება პოლიტიკურ ქორწინებაში „ნაცმოძრაობასთან“. შეიძლება, ხაზარაძემ დაიწუნოს, ჯერ იქ განქორწინდი და ჩემთან შემდეგ დაქორწინდიო. რეალურად, უცხოურ ძალას უნდა, ამ ორმა ერთმანეთის მლანძღავმა პოლიტიკოსმა როგორმე 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახოს. მაჭანკლის როლი პრეზიდენტს მიანიჭეს. რატომ? ზურაბიშვილი დღეს წარმოადგენს უცხოეთის ერთადერთ აგენტს, რომელიც, მართალია, ფორმალურად, მაგრამ მაინც ფლობს პრეზიდენტის ბერკეტებს. „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია, მაგრამ მაინც ფორმალურად პრეზიდენტია. ამიტომ ანიჭებენ მას ამ „უპირატესობას“, რათა ორჯერ და სამჯერ დაქორწინებულები ახლა უკვე წინასაარჩევნოდ ისევ პოლიტიკურად დააქორწინოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.