„დღეს, რეალურად, ბრძოლა მიდის საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და საქართველოს ვასალად ქცევას შორის. პირდაპირ ვკითხოთ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, რა პრობლემას წარმოადგენს, რომ მათი დონორებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში იყვნენ გამჭვირვალეები?!“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რადიკალი ოპოზიცია არ მალავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ კანონპროექტს არც კი წაიკითხავს და მიიღებს მხოლოდ იმ კანონს, რომელსაც მისი პატრონი მოუწონებს.
მაჭარაშვილის შეფასებით, საქართველოს სურს ევროპა და ევროპული ღირებულება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და აზრის თავისუფლებას იცავს. „დღეს, რეალურად, ბრძოლა მიდის საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის და საქართველოს ვასალური დამოკიდებულებისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი შევუნარჩუნოთ - საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღოს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები დანიშნოს და ქვეყანამ იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა.
.რადიკალი ოპოზიცია კი არც მალავს, პირდაპირ ამბობს, რომ კანონს არ წაიკითხავს და მიიღებს იმ კანონს, რომელსაც მისი პატრონი ეტყვის. იმ კანონს არ მიიღებს, რომელსაც მისი პატრონი დაუწუნებს და სამწუხაროდ, აღარც საერთაშორისო პარტნიორების ზოგიერთი წარმომადგენელი მალავს იმას, რომ თურმე შეუსაბამოა, საქართველო იყოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ამავე დროს იყოს ევროკავშირის წევრი.
ეს მოცემულობა რეალურად არ შეიძლება, მათი აზრით, არსებობდეს. ჩვენ ამიტომ გვინდა ევროპა და ევროპული ღირებულება, რომ სწორედ ის იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და აზრის თავისუფლებას. გამომდინარე აქედან, დღეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გაცხადებული ბრძოლა მიდის იმასთან დაკავშირებით, უცხოური ძალების შავი ფული საქართველოში უნდა იხარჯებოდეს თუ არა გაუმჭვირვალედ, ანუ საიდუმლოდ.
დროებით შეიძლება გადავდოთ კანონპროექტის განხილვა და პირდაპირ ვკითხოთ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, რა პრობლემას წარმოადგენს, რომ მათი დონორებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში იყვნენ გამჭვირვალეები?! - მათ უთხრან - „ნუ გახდით პრობლემას ამას, რომ გამჭვირვალე გახდეს თითოეული თეთრი, რასაც ხარჯავთ.“ რატომ არ ამბობენ ამას?! - კითხვის ნიშნებიც აღარ არის, რომ სამწუხაროდ, უცხოურ ძალებს ჰქონდათ და დღესაც აქვთ სურვილი, აქ მილიონები გაუმჭვირვალედ დახარჯონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.