„თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც დღეს ამერიკაში მოქმედებს და იმედია, ამის შემდეგ, პრობლემა აღარ ექნება ელჩს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონისგან იმით განსხვავდება, რომ ის ისეთივე მკაცრი არ არის, როგორიც ამერიკული კანონი.
„აშშ-ში რამდენიმე ათეულობით საერთაშორისო „ენჯეომ”კონგრესს წერილი მისწერა, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ბევრი სხვა საერთაშორისო „ენჯეო”, პრობლემა შეექმნებოდათ FARA-ს კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით. თუ FARA-ს კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე”, მაშინ რატომ მისწერეს ეს წერილი ამერიკაში მოქმედმა საერთაშორისო „ენჯეოებმა” კონგრესს?! - რა თქმა უნდა, განსხვავება არის ამერიკის კანონსა და საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ გამჭვირვალობის კანონპროექტს შორის, რადგან ქართული ვარიანტი ისეთი მკაცრი არ არის, როგორიც ამერიკაში მოქმედებს. თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც დღეს ამერიკაში მოქმედებს და იმედია, ამის შემდეგ, პრობლემა აღარ ექნება შეერთებული შტატების ელჩს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკული კანონისგან განსხვავდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.