ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება კარგი იყო, ოღონდ არასაკმარისი და არასრული - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მომავალი არჩევნების კონტექსტიც უნდა გაითვალისწინოს და მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.
„გარდა თქმისა, კეთებაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილს აქვს ერთი საშინაო დავალება - მან ოპოზიციის მთავარი ლიდერი და წარმომადგენელი, რომელიც უკანონოდ ზის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და უფრო მეტიც, სამხედრო ტყვეა ბიძინა ივანიშვილს, ზის ციხეში. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ბორელი ჩამოვიდა, შარლ მიშელიც აპირებს ჩამოსვლას, რომლებიც დიდი ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს, ეს არ იქნება წესიერი არჩევნები, სანამ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი თანაბარ პირობებში არ იქნებიან.
მიხეილ სააკაშვილის საკითხის სიმწვავე უფრო გაიზრდება და გავლენებიც გაიზრდება, მისი საკითხი გადასაწყვეტია.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე, რომელიც ასე პარტიზანულად მოძრაობს ევროპაში, დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ექნებოდა საუბარი სააკაშვილზე. დარწმუნებული ვარ, ორმ ბორელის და შარლ მიშელის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ეს. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არ ჩათვლის ამ არჩევნებს სამართლიანად, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნა ისევ პოლიტიკურად რეპრესირებული“, - ამბობს გუბაზ სანიკიძე.