ღარიბაშვილი არის სერგო ორჯონიკიძის კლუბის ღირსეული წევრი - ახლა აღშფოთება და გაკვირვება კი არა, გამძვინვარება გვჭირდება - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ოცნება“ რაღაცებს სახელებს რომ არქმევს, ჩვენც უნდა დავარქვათ სახელი უკვე. აღარ უნდა აღშფოთება - დედა რა ხდება, ამას როგორ შვრებიან. მოღალატეები არიან, მორჩა, დიაგნოზი დასმულია და უნდა ვიცოდეთ, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე დღეს, პროდასავლელი ვერ იქნება, გამორიცხულია. მათ გონებაში ჩამახედა, ვინც დღეს „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს და კიდევ ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს.
მე არ გამკვირვებია ღარიბაშვილმა რაც სამიტზე ილაპარაკა. მე მიკვირს იმათი, ვისაც კიდევ უკვირს ეს. საერთოდ, გაკვირვების ზონიდან უნდა გამოვიდეთ იმიტომ, რომ როცა გაკვირვებულია ადამიანი, ნაკლებად მოქმედებს, ნაკლებ გადაწყვეტილებებს იღებს და ნაკლებად გეგმავს რაღაცებს. ღარიბაშვილი არის კლასიკური კახაბერ ყორღანაშვილი, სახელმწიფო ღალატზე წასული კაცი, სერგო ორჯონიკიძის კლუბის ღირსეული წევრი. ის კი არ იცის რა ელოდება, რომ იცოდეს რა ელოდება, ამას არ იზამდა, თან ძალიან შემჭიდროებულ ვადებში. ეს არის ქვეყნის კლასიკური მოღალატე, ასეთები უძღვებოდნენ მტრის ჯარს ქვეყანაში და მომავალშიც შემოუძღვებიან. ამიტომ, მთავარი რაც ახლა გჭირდება, აღშფოთება, გულისწყრომა და გაკვირვება კი არა, გვჭირდება სიფხიზლე და გაბრაზებაც არა, გამძვინვარება გვჭირდება“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.