ჩემს ძმას, გიორგი ავალიშვილს 2011 წელს საგარეჯოდან აქციებზე ხალხი გადაჰყავდა, პროვოკაციულად დაიჭირეს, ფაქტობრივად, წამებით მოკლეს, ცოცხალი ადამიანი „მორგშიც“ ჰყავდათ ჩაყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიული ავალიშვილმა განაცხადა, სადაც ისაუბრა მისი ძმის, გიორგი ავალიშვილის შესახებ, რომელიც, მისივე თქმით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
„მოგაწვდით ინფორმაციას, რა ვითარებაში მოხდა ჩემი ძმის, გიორგი ავალიშვილის დაკავება, შემდეგ კი ციხეში, ფაქტობრივად, წამებით მოკვლა. ყველასთვის ნაცნობია 2011 წლის 26 მაისის ამბები, ჩემი ძმის საქმეც ამას ეხება. 26 მაისი ვიცით, როგორ სისხლით ჩაახშვეს და მეორე დღიდან დაიწყო დაპატიმრებები. ჩემს ძმას ჰქონდა მიკროავტობუსი, რომლითაც მაისის დღეებში დემონსტრაციაზე საგარეჯოდან მომიტინგეები გადმოჰყავდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. 26 მაისის დარბევაზე არ ყოფილა. დაპატიმრებები რომ დაიწყო, ჩემს ძმასაც მიადგნენ. 7 ივნისს უკვე დააკავეს პროვოკაციულად, ის არ იყო დამნაშავე.
6 ივნისს საგარეჯოში მივიდა ქალი, დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში მცხოვრები ვინმე ქალი, მარინა ჩუვოშიანი, მას თან ახლდა მამაკაცი. მარშრუტკების გაჩერებასთან ეს ქალი ითხოვდა ჩემს ძმასთან შეხვედრას. საღამოს მოვიდა ჩემი ძმა და გახარებული მეუბნება, რომ სამსახური იშოვა. ტურისტული ფირმაა და ერევნიდან ტურისტები უნდა გადმოვიყვანოო. მისი მანქანა მწყობრში არ იყო და შევეკითხე, ამ მანქანით როგორ უნდა გადმოეყვანა, მაგრამ მითხრა, რომ ის ქალი თანხის ნაწილს წინასწარ მომცემსო. მეორე დღეს შეხვდნენ ისევ და აღარ დაბრუნებულა სახლში. ისინი შეხვდნენ თბილისში, რესტორან „თაღლაურას“ ტერიტორიაზე. ეს ქალი აღჭურვილი იყო ვიდეოთვალით, რომ მომხდარიყო ჩემი ძმის დაკავება. წინ დაუდეს ფურცელი სასაქონლო ზედნადების. ჩემმა ძმამ არ იცოდა, როგორ უნდა შეევსო და უკარნახა ამ ქალმა. 1 000 ლარი უნდა მიეცათ და თანხა რომ გადასცა, ჩემს ძმას არ დაუთვლია. ქალმა უთხრა, დაეთვალა, რა დროსაც დაადეს ბორკილები. ჩემი ძმა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მაინც ვერ მიხვდა, რა დანაშაული ჩაიდინა.
თელავში, ფინანსურ პოლიციაში გადაიყვანეს. შემდეგ კი – გლდანის ციხეში. ამას ციხეს ვერ ვუწოდებ, ეს იყო ჯოჯოხეთი. დაიწყო მისი წამება. სულ რამდენიმე თვეში, ადამიანი ფაქტობრივად აღარ იყო. რომ ვხედავდი ე.წ. პაემნებზე, სახეზე არაფერი ეტყობოდა. გვერდებში ურტყამდნენ, რამდენიმე თვეში თირკმელები თითქმის აღარ ჰქონდა. ყველა შეხვედრაზე მიმეორებდა, მომკლავენ, არსად წახვიდე, განცხადება არ დაწერო, თორემ მომკლავენო. მე მაინც ვწერდი განცხადებებს. ჩემი ძმა გადაყვანას ითხოვდა.
ერთხელ მივუტანე ტანსაცმელი, შეაგზავნეს და მერე ისევ უკან გამომიგზავნეს, პატიმარი არ არის ადგილზეო. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ იმ დროს ჩემი ძმა იყო „მორგში“. როცა მომიყვა ეს ამბები, მერე დავაკავშირე ერთმანეთთან. „მორგში“ ჩამიყვანეს და რამდენ ხანს ვიყავი იქ, არ ვიციო. მერე ვიღაც შემოვიდა, სინათლე აანთო, მე შევიშმუშნე და ვუთხარი, როდემდე უნდა ვიყო აქო? ამის შემდეგ ამოუყვანიათ შიშველი. როცა მე ტანსაცმელს ვუგზავნიდი, უკან ხომ ისევ ის უნდა გამოეგზავნათ, შემდეგზე კიდევ სულ სხვა ტანსაცმელი გამომიგზავნა. რომ ავიდა, პატიმრები გაკვირვებულები ყოფილან, „შენ ისევ ცოცხალი ხარ?” პატიმრებს მიუციათ ტანსაცმელი. ამის შემდეგ შეუცვალეს საკანი. ალბათ ეგონათ, რომ მოკვდა, თუ სპეციალურად იყო ამ მდგომარეობით ჩაყვანილი, არ ვიცი. 2012 წლის 15 მაისს დამირეკეს, გადავუვადეთ სასჯელი და წაიყვანეთო. რომ გამოუყვანიათ, ბადრაგებმა ხელით მოიტანეს. ჩემს სიძეს გამწარებულს უთქვამს, ეს ჩვენი პატიმარი არ არისო. ფაქტობრივად, „წამოიღეს“. მხოლოდ სამი დღე იცოცხლა“, – განაცხადა გიული ავალიშვილმა.