რასაკვირველია, პროკურატურის გამოძიება ამ დასკვნამდე მივიდოდა, რადგან მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. სულ რომ არ ყოფილიყო პროკურატურის გამოძიება, ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არაფერი, არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, მით უმეტეს ტოტალურად გაყალბებული. ეუთო/ოდირის დასკვნაც ამაზე მეტყველებს.  - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„ამ დასკვნის მიმართ გააფთრებული ისტერიკაც ერთ-ერთი მანიფესტაციაა იმისა, რომ ოპონენტებს ამასთან დაკავშირებით არაფერი ხელთ არ აქვთ. გაყალბების მთავარი სიმბოლო, შავი წერტილი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან მოიხსნა და ასეთი აბრევიატურა აღარსად ჩანს. სისულელეა იმის მტკიცება, რომ გამოჟონილმა მელანმა შეიძლება არჩევნების შედეგებზე იმოქმედოს ან რამე კანონი იყო დარღვეული. წარმოუდგენელი ბრალდებები იყო, რომ ვიღაც ქალი ვიღაცას უცინოდა ან დვაბზუში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ვიღაც კაცი გადაკოცნა. ბიულეტენების ჩაყრის ერთ-ერთი შემთხვევა ვიცით და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ვერც ერთ სხვა კონფიგურაციაში ვერ ჯდება ის ცრუ ბრალდებები, რაც მოვისმინეთ. ამას ადასტურებს პროკურატურის გამოძიებაც. ახლა საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ პროკურატურა ხელისუფლებას ექვემდებარება და აქედან გამომდინარე არასწორ დასკვნას წარმოადგენდა. ამაზეც არსებობს გარკვეული პასუხი, შეიძლება მისი დასკვნების გაბათილების საკითხზე რაიმე კომპეტენტური განცხადების გაკეთება, თუმცა არც ასეთი გვესმის. საუბრობენ, გაყალბდა და მორჩაო, დაშინება, მოსყიდვა იყოო. გამოდის, რომ მილიონ 120 ათასმა ადამიანმა, პრაქტიკულად, შიშისა და მოსყიდვის გამო მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი მეორე ადგილზე გასული პარტიის მაჩვენებელს 900 ათასი ხმით უსწრებს. ეს არის რეალობა. 300 ათასი კაცი იპოვეს, გააყალბეს, ორი თუ მეტი პირადობის მოწმობა გამოიყენეს, მელანმა გაჟონა- ესენი არ შეიძლება სერიოზულადაც იყოს განხილული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ  მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.