საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ირაკლი ბათიაშვილი გადაცემა "ისტორია დეტალებში" კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. გადაცემის მთვარი კითხვა და თემაა - რატომ დაერქვა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი და როგორ დავკარგეთ აღნიშნული ტერიტორია.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობა იყო ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა და მას სახელმწიფოსთვის ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა.
როგორც ირაკლი ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, ის დააპატიმრეს, რადგან საჯაროდ, ღიად დაუპირისპირდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ჯარი შეეყვანათ კოდორის ხეობაში და განეიარაღებინათ ეს ხეობა.
"მე დამაპატიმრეს იმიტომ, რომ საჯაროდ, ღიად, ტელევიზიებით, პრესით დავუპირისპირდი მაშინდელი ხელისუფლების, სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, რომ ჯარი შეეყვანათ კოდორის ხეობაში და განეიარაღებინათ პრაქტიკულად ეს ხეობა. ამას წინ უძღოდა ბატალიონ "მონადირის" დაშლა. ეს, თავისთავად იყო უდიდესი დანაშაული და ამის მერე უკვე, როდესაც "მონადირის" დაშლამ გამოიწვია ძალიან მძაფრი პროტესტი და რეაქცია ადგილობრივ მოსახლეობაში კოდორის ხეობის, ამის შემდგომ უკვე იღებს ის რეჟიმი გადაწყვეტილებას კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანის თაობაზე, რომ განაიარაღონ მთელი ხეობა. მინდა გითხრათ, რატომ ვამბობ, რომ ეს იყო უდიდესი დანაშაული, ეს იყო პირდაპირ ღალატი, მოღალატეობრივი ქმედება იყო. ამას არ გააკეთებდა არც ერთი ხელისუფლება, რომ განაიარაღო შენივე მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ დარჩენილ რეგიონში, რომელსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.
კოდორის ხეობას სახელმწიფოსთვის ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც იყო ერთადერთი დარჩენილი რეგიონი, რომელსაც ვაკონტროლებდით ჩვენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და თან ამ რეგიონს, მთავარი წვლილი ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობის დაცვაში მიუძღვოდა ადგილობრივ მოსახლეობას და სწორედ ბატალიონ "მონადირეს", რომელიც ომის დროს შეიქმნა. ის შექმნა ემზარ კვიციანმა. შესანიშნავი ადგილობრივი მეომრები იყვნენ იქ გაერთიანებული, რომლებმაც არა ერთი გმირობა და თავდადება აჩვენეს, მთელმა მოსახლეობამ, რომ დაეცვათ ეს ხეობა გარე მძლავრი შემოტევებისგან, არა ერთხელ უკუაგდეს მათ მტერი, ეს იქნებოდა ჩრდილოკავკასიელები სეპარატისტებთან ერთად, რუსები სეპარატისტებთან ერთად, ბაგრამიანის ბატალიონი რუსებთან ერთად და ბოლოს 2002 წელს, რუსებმა ტაქტიკური დესანტი ჩამოსვეს აჟარაში და ისიც კი უკუაგდეს. ანუ, მათი წვლილი არის უზარმაზარი", - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.
კოდორის ხეობას მოსახლეობა 13 წლის განმავლობაში ფიზიკურად იცავდა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი, აფხაზეთის ეს ნაწილი უბრძოლველად დაიკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობა იყო ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა. კოდორში დარჩენილებს სჯეროდათ, რომ იქ ყოფნით აფხაზეთის დაბრუნების შანსს ინარჩუნებდნენ. ხეობის ოკუპაციისგან დაცვა ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ბატალიონი "მონადირის" დამსახურება იყო. კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, 80-მა ადგილობრივმა მცხოვრებმა 1992 წლის 3 აგვისტოს სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო და ჩამოაყალიბა რაზმი - "მონადირე". მისი მთავარი ამოცანა, ჩრდილოეთიდან მტრის შემოსვლის აღკვეთა იყო. ადგილობრივებმა არა ერთ თავდასხმას გაუძლეს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით, "მონადირე" თავდაცვის ძალების ნაწილი გახდა და ბატალიონად ჩამოყალიბდა, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა ქმედებები და აღჭურვილობის საკითხები თავდაცვის ერთიან სისტემაში მოაქცია.
2006 წელს კი მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის და ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, "მონადირე" დაიშალა და კოდორის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალები შეიყვანეს. 2008 წლის აგვისტოში, რუსულმა და სეპარატისტულმა ძალებმა კოდორის ხეობა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს.




