გიორგი ვაშაძე: "ოცნებამ" თავი უნდა დაანებოს რუსეთის ფაშისტურ რეჟიმთან ფარულ მოლაპარაკებებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განკარგულებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თითოეული რუსეთის მოქალაქის შემოსვლაზე სავიზო გადასახადის სახით 500 ლარი უნდა დაწესდეს და ეს თანხა დევნილებს მოხმარდეთ.
"ქართული ოცნება" უნდა შეეშვას ევროინტეგრაციის კურსის საბოტაჟს, უნდა დაანებოს თავი ფარულ მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რუსეთის ფაშისტურ, საოკუპაციო რეჟიმთან და უნდა დააწესოს სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებთან. 500 ლარი დავაწესოთ თითოეული რუსეთის მოქალაქის შემოსვლაზე სავიზო გადასახადის სახით და ეს ფული მიმართული იყოს დევნილების კომპენსირებისთვის,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.