მინდა გავუცრუო იმედი ყველა მაკრიტიკებელს, ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„რამდენიმე ადამიანს უნდა, რომ არაფრისგან შექმნას აჟიოტაჟი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ გამოუვათ. „სტრატეგია აღმაშენებელს და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან მყარი თანამშრომლობა. მომავალში კიდევ უფრო გავფართოვდებით, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. ლევან ხაბეიშვილთან ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. მინდა გავუცრუო იმედი ყველა მის მაკრიტიკებელს, ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ქმედების. მასთან შეთანხმებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად. ხომ იცით, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. რაც არ უნდა იყეფოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, ჩვენ წინსვლას ვერავინ ვერ გააჩერებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.