ერთ-ერთი გზაა, სტრასბურგს მივმართოთ დროებითი მექანიზმით, ეს კანონი გაუქმდება და, თუ გვენდომება არჩევნებში მონაწილეობას მაინც მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ერთ-ერთი მიმართულებაა ოპოზიციის მხარეს გარკვეული კომპლექსების შექმნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსს ვეძახი. ამ კომპლექს იმიტომ კი არ ქმნიან, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაყარონ თუ გაერთიანდებიან, პირიქით, ერთიანობა რომ არ შედგეს. მინდა, ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რაც უფრო მეტად ილაპარაკებთ, რომ არ ხართ „ნაცი“, მით უფრო მეტად საკუთარ თავს „ნაცთან“ აიგივებთ. რაც მალე შეწყვეტთ ამ საკითხზე რეაგირებას და ამ პროცესს სხვანაირად შეხედავთ, უკეთესი იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, მაინც ყველა პარტია შეიძლება აიკრძალოს, ყველას „ნაცად“ გამოაცხადებენ, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ „მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გზაა სტრასბურგს მივმართოთ დროებითი მექანიზმით, ეს კანონი გაუქმდება და მაინც მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში თუ გვენდომება, გაუქმდება ეგ კანონი“.

„ხაზარაძე და ჯაფარიძე რისთვის დაიბარა? „ნაცმოძრაობა“ ხართო და ამიტომ გიბარებთო, ხომ სწორია? გახარიას რისთვის იბარებს? „ნაცმოძრაობა“ ხარო და ამისთვის გიბარებო. გახარიას პარტიის რეაგირება რა არის, იძახიან, არ ვართ „ნაცებიო“. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა პარტიაში იპოვი ადამიანს, ვინც ოდესღაც „ნაცი“ იყო ან „ქოცი“ იყო. გუშინ ჩემი კოლეგების ეთერებს ვუყურებდი და 80% იძახდა, არ ვარ „ნაციო“. ხალხო, როცა იძახი არ ვარ „ნაცი“ – „ნაცი“ ხარ, დაანებეთ ამის მტკიცებას თავი, ილაპარაკეთ იმაზე, რაც ხალხს უნდა – ილაპარაკე „მეგობარ აქტზე“, იმ ქმედებებზე, რაც უნდა გადაიდგას, არ გაიმეორო მისი პროპაგანდა, თქვი, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ჩემი ამოცანაა დაცული ვიყო ევროკავშირთან, ხოლო მისი ამოცანაა, დავრჩე მარტო. მისი ამოცანაა, დისონანსი იყოს მუდმივი ჩვენს შორის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.