პარლამენტის შენობაში არაფერია მოსაწესრიგებელი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი - აგერ, ვიარე დერეფნებში და კაციშვილი არ არის შიგნით. რამდენ ხანს დაიმალებიან? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ პარლამენტი დატოვა და შენობაში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს 19:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ გამარჯვება ძალიან ახლოსაა.
„დღეს „ქართული ოცნება“ დაიმალა, ხალხს დაემალა, იმიტომ, რომ არაფერი სათქმელი აღარ დარჩათ. ყველაფერი ნათელია, რომ ისინი ღალატობენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. შენობის შიგნით არაფერია მოსაწესრიგებელი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი. აგერ, ვიარე დერეფნებში და არავინ არის შიგნით. რამდენ ხანს დაიმალებიან? ფაქტია, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. რა უნდა თქვას საგარეო საქმეთა მინისტრმა? ერთადერთი, უნდა გადადგეს და თქვას, რომ „მე არ შევასრულებ ეროვნული ინტერესების ღალატის აქტს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აიძულებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ სამწუხაროდ, მას ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა არ აქვს, ამიტომ დაიმალა. პარლამენტი თავისუფალია. პარლამენტში მხოლოდ ოპოზიცია არის. ხელისუფლებამ დატოვა პარლამენტი. ფაქტობრივად, პარლამენტი უბრუნდება ხალხს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.