პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრონ.

"მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, განაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებს საქართველოში:

მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი და ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტრუმენტი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს. ისევე როგორც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელები და ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება და საერთოდ დავიცვათ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი, საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში შეცვალონ ხელისუფლება.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად იყო გაყალბებული და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სამი ძირითადი ფაქტორი იყო სისტემური ხასიათის - ეს იყო ფარულობის არარსებობა, ეს იყო კომისიების ფორმირება სრულად „ოცნების“ გავლენის ქვეშ და „ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებით, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ დღეს არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ჩვენი მოქალაქეები ამ არჩევნების შედეგებს არ იღებენ, როგორც ლეგიტიმურს და სამართლიანს.

„ოცნებას“ ჰქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთის, რომ ეს კრიზისი არ მომხდარიყო და ქვეყანა გამოეყვანა ამ კრიზისიდან. მათ უბრალოდ შეეძლოთ გამოექვეყნებინათ არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების სია და ამით ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი. ისინი მოიქცნენ საპირისპიროდ - დაიწყეს ხელოვნური, ყალბი გამოძიება და პროკურატურას, ფაქტობრივად, ტყვედ ააყვანინეს ის აპარატურა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება.

დღეს, როცა ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით უნდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის შესაძლებლობა არ მიეცეს და მეორეს მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო: იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და შესაბამისად არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს." - განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, XI მოწვევის პარლამენტი ორშაბათს, 25 ნოემბერს შეიკრიბება. 

კანონმდებლობის მიხედვით კი, ე.წ. სიების ჩახსნა ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლია. კონსენსუსს მათ ვერც ამჯერად მიაღწიეს. ნაწილი სიების ჩახსნას აანონსებს, ნაწილი კი, მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებით შემოიფარგლება.

პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას აპირებს და არც რაიმე განცხადებების დაწერას გეგმავს.

შალვა პაპუაშვილი ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა სურთ, პარლამენტს 26 ნოემბერს მიმართონ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრული ვადის ფარგლებში, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს, დროებითი მოწმობები უკვე დაუმზადა. რადიკალები კვლავ მანდატების თემით მანიპულირებენ, თუმცა იურიდიულად სიების ჩახსნას არ გეგმავენ.