ახალგაზრდების დემონიზება და საზოგადოების გახლეჩა იმ ფონზე, როცა ერთიანობა ყველაზე მეტად გვჭირდება, არის დანაშაული - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ გამოჩნდა ერთი რამ. დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს.მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ამ ქვეყანაში ყოველთვის რუსული სცენარი იყო და იქნება. ჩვენმა ქვეყანამ ეს უკვე 90-იან წლებში გამოიარა.ახალგაზრდების დემონიზება, მოქალაქეებისთვის იარლიყების მიკერება და საზოგადოების გახლეჩა იმ ფონზე, როცა ერთიანობა ყველაზე მეტად გვჭირდება - არის დანაშაული. მტერმა ერთხელ უკვე გამოიყენა თავისი მარიონეტები, ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა.საშიში ხდება ეს ყველაფერი. “ოცნება” უკვე ყოველდღიურად ყალიბდება რეჟიმად, რომელიც თან იმეორებს რუსულ ნარატივებს.დარწმუნებული ვარ, საჯარო სექტორი, როგორც ყოველთვის, გააკეთებს სწორ არჩევანს და დადგება ჩვენი სახელმწიფოს და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მხარეს, არ დაუშვებს საზოგადოებაში დაპირისპირებას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შექმნას!“- წერს გახარია.