„დღეს შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი გადადგას ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, ქვეყანა პირდაპირ რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს და დააშოროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. აშშ-ში ვიზიტის დროს, ყველა ერთხმად მოუწოდებდა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რადგან ეს საბოლოოდ ჩაუკეტავს გზას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ

"ქვეყანაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი გადადგას ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა და ქვეყანა წაიყვანოს პირდაპირ რუსეთის მიმართულებით და დააშოროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს. მე გუშინ ჩამოვედი აშშ-დან და მქონდა მრავალი შეხვედრა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან, ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენში, ატლანტიკის საბჭოში, უილსონის ცენტრში, NDI-ის და IRI-ის ცენტრალურ ოფისებში, კონგრესმენ იან კინთან, კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მაიკ ტერნერთან, კონგრესმენ კარლოს ჰიმენესთან და ბილ ფოსტერთან.

ყველა ერთხმად აშშ-ში და ევროკავშირში ეუბნება ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ არ დაძლიონ ვეტო, რადგან ეს კანონი არა უბრალოდ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მოლაპარაკების დაწყებას, არამედ ზურგს აქცევს საქართველოს მეგობრებს მტრად აცხადებს მათ და საქართველოს უკარგავს შანსს გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ბუნებრივია ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია. “ქართული ოცნების” წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქართველი ხალხი განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად ვინ როგორ აფასებს ქვეყნის წარსულს, ყველა ნორმალურ ადამიანს სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, ყველას სურს მშვიდობა და სტაბილურობა,  ნორმალურ, ცივილიზებულ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, განურჩევლად პარტიულობისა, დიდი თუ პატარა, დღეს ყველა ერთ მუშტად შეკრული ეუბნება არას რუსულ კანონს და ეუბნება არას იმ რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ დაბრუნებას ემსახურება.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის დადებული ვეტოს დაძლევას აპირებს. 

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც  პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.

 საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია

2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.