აშშ-თან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება შეიძლება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დააგვიანა - სუფთა ფურცელი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც ახალი არჩევნების შემდეგ მოვა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სურს „სუფთა ფურცლიდან განახლდეს აშშ-თან ურთიერთობა“.
როგორც გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, თუ არ იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება დაცული, წარმოუდგენელია აშშ-თან რაიმე ტიპის ჯანსაღ ურთიერთობაზე საუბარი.
„თუ ეს პრინციპები, რომელიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის და ინდივიდის პატივისცემა და ა.შ. არ არის დაცული, წარმოუდგენელია აშშ-თან რაიმე ტიპის ჯანსაღ ურთიერთობაზე ან ისეთ ურთიერთობაზე ლაპარაკი, რომელიც ჩვენ სიკეთეს მოგვიტანს. აშშ-თან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება შეიძლება, მაგრამ ჯერ ერთი „ქართულმა ოცნებამ“ დააგვიანა და ვერც ამის ნიშანს ვერ ვატყობ, რომ ფურცლის გასუფთავებას აპირებდნენ. სუფთა ფურცლიდან დაწყება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ იქ არ უნდა იყოს რუსული ტიპის კანონები, არც პოლიტპატიმრების სია, დაწყებული საქართველოს მესამე პრეზიდენტით, დასრულებული ნებისმიერი აქტივისტით. ყველა უნდა იყოს თავისუფალი, უნდა მოხდეს იმ პირობების შესრულება, რაც ჩადებული იყო ქარტიაში, სტრატეგიულ პარტნიორობაში და ევრორეკომენდაციებში. თუ ეს ყველაფერი არ არის დაცული, სუფთა ფურცელი დარჩება მათ ფურცლად და ეს იქნება ტყუილი და ბლეფი. ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებისთვის ეს სუფთა ფურცელი ვერ იქნება, სუფთა ფურცელი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც ახალი არჩევნების შემდეგ მოვა. ძალიან სწრაფად შევავსებთ იმ ფურცელს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.