გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პროკურატურის ბრიფინგი და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო, ამის მოლოდინი გვქონდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„საზოგადოებას ახსოვს ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული მისი პირადი განცხადება, როდესაც პირდაპირ დაემუქრა გიორგი გახარიას, ასევე დაემუქრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. დღეს ეს პროცესი არის ამის გაგრძელება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ ხაზგასმით, რომ ეს პროცესი, პროკურატურის განცხადება არის ივანიშვილის პირადი შურისძიება, იმ აბსურდული ბრალდებით, რაც შეეხება როგორც ჩორჩანას ნაწილს, ისე 20 ივნისის ნაწილს“, – განაცხადა ფარულავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ წავიდა გიორგი გახარია ქვეყნიდან და აპირებს თუ არა დაბრუნებას, რადგან მმართველი გუნდი მის გაქცევაზე საუბრობს, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, გაქცევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა.
„გახარია დაბრუნდება მაშინ, როდესაც ჩათვლის საჭიროდ. არა მარტო ამ შემთხვევაში. „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი ემთხვევა ერთმანეთს, თუნდაც გაქცევასთან დაკავშირებით. გახარია როდესაც ჩათვლის საჭიროდ, დამერწმუნეთ, აუცილებლად იქნება საქართველოში და ამის შესახებ საზოგადოება მისგან ამას ნამდვილად გაიგებს“, – განაცხადა ფარულავამ.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ გიორგი გახარია მოკლევადიან პერიოდში ჩამოსვლას არ აპირებს, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და შესაბამისად, როდესაც ის გადაწყვეტს საქართველოში ჩამოსვლას, ამის შესახებ აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას.
„დღეს იქნება, ხვალ იქნება, ამაზე ბუნებრივია, ჯერ არ გვაქვს საუბარი“, – აღნიშნა ფარულავამ.
როგორც გიგა ფარულავამ განაცხადა, ის დღეს ნამდვილად არ შევა სამართლებრივ ნაწილში და სამართლებრივ განხილვაში იმ ბრალდებებზე, რასაც პროკურატურა აცხადებს.
„მათ როგორც თქვეს, არ ვიცი, ასობით გამოკითხული ჰყავთ და აქვთ ამის შესახებ შესაბამისი ცნობები. ბუნებრივია, უშუალოდ პროცესზე, სამართლებრივი განხილვის პროცესის დროს ჩვენგანაც ამაზე იქნება შესაბამისი არგუმენტირებული პასუხები გაცემული. დღეს როცა გახარიას ედავებიან 20 ივნისის ასე ვთქვათ, დანაშაულს, სწორედ მათივე განცხადებებით, მაშინ 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ, თვითონ ისინიც, მათ შორის პირადად ივანიშვილიც აცხადებდა, რომ მან ამ მოქმედებით სახელმწიფო ინსტიტუტები გადაარჩინა იმ იერიშს, რაც რეალურად იყო და სახელმწიფო გადაარჩინა გადატრიალებას. ცალსახად უნდა აღინიშნოს და ამაზე სტრასბურგის შესაბამისი გადაწყვეტილებაც მეტყველებს, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე“, – განაცხადა ფარულავამ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლომაც იგივე თქვა, თუმცა სასამართლოს კითხვები აქვს და საქართველოს ხელისუფლებას დაავალა ხელახალი გამოძიება იმის გასარკვევად, ხომ არ იყო ძალის გადამეტების შემთხვევები პოლიციელების მხრიდან, რაზეც ფარულავამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას დაავალა სამართლებრივი გამოძიება და არა ის, რომ პოლიტიკურად გამოეყენებინა ეს ნაწილი.
„დღეს რასაც აკეთებს „ოცნება“, სტრასბურგის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას იყენებს პოლიტიკური ნიშნით“, – განაცხადა ფარულავამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. მისივე თქმით, ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას წარედგინება, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.








