„ოცნება“ პოლიტიკის ნორმალიზებაზე საუბრობს, მაგრამ პარტიების წინააღმდეგ თავიანთ ბრძოლას უფრო აძლიერებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას აპირებს, თუმცა არ გაუკვირდება, სარჩელი გამოიხმონ.
„ხელისუფლებას ხშირად ახასიათებს ერთზე საუბარი და ქმედებით მეორის კეთება. ნათლად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკის, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე როცა საუბრობენ, ამის პარალელურად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ახალი მესიჯით ხვდებიან, რომ პარტიები კიდევ უნდა აკრძალონ. ეს მათი რიტორიკაა. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას აპირებენ. დაველოდოთ, რა იქნება. შეიძლება, ეს სარჩელი გამოიხმონ, არაფერი გაგვიკვირდება“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
კითხვაზე, „თქვენი პარტია როგორ გადაურჩა სარჩელში მოხვედრას?“, ფარულავამ აღნიშნა:
„ჩვენ ბრძოლაში ვართ და ამის ერთ-ერთი მაგალითი ის პოლიტიკური დევნაა, რასაც ჩვენი პოლიტიკური ლიდერი განიცდის. რაც შეეხება იმას, რატომ არ ვართ ასაკრძალ პარტიათა სიაში, ეს თავად „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ. „ოცნების“ სიტყვა ერთია, ქმედება – მეორე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნას სხვა პარტიებიც დაემატოს ან მათი მხრიდან ეს სასარჩელო მოთხოვნა იყოს გამოხმობილი. დღეს თუ ვინმეს აწყობს პოლიტიკურ ველზე „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის „ოცნება“. - განაცხადა გოგა ფარულავამ.






